რუმინეთი

სწავლა–განათლება რუმინეთში

რუმინეთი მდებარეობს ცენტრალურ ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. დედაქალაქი არის ბუქარესტი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2,1 მილიონია. ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: რუმინეთის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული ისტორიის მუზეუმი, სტირბეის სასახლე, სამეფო სასახლე, ტრიუმფალური თაღი, ანტიმის და მიხაი–ვოდეს მონასტრები და სხვა.

რუმინეთი მაღალი დონის განათლებისა და კულტურის ქვეყანაა, რომლის ტრადიციებიც საუკუნეების სიღრმიდან მომდინარეობს. რუმინეთში დიდი ყურადღება ექცევა განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. სახელმწიფო მხარში უდგას სასწავლო დაწესებულებებს, ქმნის პირობებს, რათა ქვეყნის ყველა მაცხოვრებელმა მიიღოს განათლება. რუმინეთში ძირითადად ფუნქციონირებს 50–ზე მეტი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა არის კერძო აკრედიტირებული სასწავლებლებიც.

ისევე როგორც სხვა მეზობელ ქვეყნებში, რუმინეთშიც განათლების სისტემა შედგება სამი საფეხურისგან. ესენია: საშუალო განათლება, საშუალო–სპეციალური (პროფესიონალური) და უმაღლესი განათლება. საშუალო განათლების სისტემა რუმინეთში შედგება სკოლამდელი (3–7 წელი) და საშუალო განათლებისაგან (პირველი საფეხური – 9 წელიწადი სწავლება, მეორე საფეხური, რომელიც იძლევა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების უფლებას – 10–12 წელიწადია). რუმინეთში ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებლების სისტემაც (სწავლება 2–4 წელიწადი), სახელობო სკოლები (1–3 წელიწადი), რომლებიც ამზადებენ სხვადასხვა დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებს.

უმაღლესი განათლების სისტემა, რომელსაც ქვეყანაში პრიორიტეტი ენიჭება, წარმოდგენილია 50–ზე მეტი სახელმწიფო და 20 აკრედიტებული კერძო უმაღლესი სასწავლებლით. საუნივერსიტეტო განათლების მსხვილ ცენტრებს წარმოადგენენ უნივერსიტეტები ბუქარესტში, კლუიში, კრაიოვაში, ბრაშოვში, ტიმიშოარასა და კონსტანცაში.